ახალი ამბები

ნუ იქნებით კურორტი მკვლელებისთვის – ზელენსკის მიმართვა იტალიის პარლამენტს

22 მარტი, 2022 • 1685
ნუ იქნებით კურორტი მკვლელებისთვის – ზელენსკის მიმართვა იტალიის პარლამენტს

დღეს, 22 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, რომ მკვლელებისთვის საკურორტო ადგილი არ გახდნენ.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ახლა სჭირდება მეტი დახმარება  და რუსეთზე სანქციებისა და ზეწოლის გაძლიერება.

“თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი ხალხი, რომელსაც არასოდეს სურდა ომი,  ისეთივე ევროპელები არიან, როგორც თქვენ. თქვენ იცით, ვინ მოიტანა ომი უკრაინაში. თქვენ  კარგად იცით, ვინ გასცემს მკვლელობის ბრძანებას და ვინ ეწევა პროპაგანდას – თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებელ ადგილად.

ნუ იქნებით კურორტი მკვლელებისთვის. დაბლოკეთ ყველა უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები… დაბლოკეთ ყველა, ვისაც გავლენა აქვს რუსეთში…  მხარი დაუჭირეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უმეტესობას: ნავთობზე სრულ ემბარგოთი დაწყებული, თქვენს პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვას, რათა მათ იგრძნონ თავიანთი აგრესიის ფასი“, – მიმართა ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს.

იტალიის პარლამენტის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საკანონმდელბლო ორგანოს მიმართა, მათ შორისაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ისრაელი.

ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევას საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა. აღნიშნული თხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა „ლელომ“. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, კი ზელენსკი მზადაა საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს. თუმცა ოპოზიციის თხოვნაზე მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი