ახალი ამბები

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ენმ-ს არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ – მდინარაძე

22 მარტი, 2022 • 1102
საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ენმ-ს არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი ინიციატივის განხილვას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„წარმოუდგენელია, შეხვიდე იმ ხალხის ინიცაიტივების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ 22 მარტს ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ უწოდა ენმ-ს „ომის პარტია“.

მისი თქმით, ენმ აყენებს „სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც პროპაგანდისტულ და პოპულისტურ მიზნებს ესმახურება“ და „ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს თავის სასამართლო პროცესზე ახსენა სააკაშვილმა“.

სააკაშვილმა 17 მარტს სასამართლოზე განაცხადა, რომ:

„იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რაც დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას ნეიტრალიტეტის გამოცხადებას“.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილის განცხადების შემდეგ ენმ-ში „დასჭირდათ შიდა პროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნება, რომ  თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და ეს სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მე-5 დღეს გაბედეს“.

„უნდა ითქვას, ამ ვითარებაში ასეთი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

„შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გამომდინარე, არ განვიხილოთ ომის პარტიის და მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი