ახალი ამბები

„ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციოს – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

22 მარტი, 2022 • 1184
„ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციოს – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, რასთან დაკვშირებით უჩივის პრეზიდენტს საკოსნტიტუციო სასამართლოში.

საუბარია „ქართული ოცნების“ 17 მარტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“. თუმცა მმართველ გუნდს ჯერჯერობით  არ მოუმზადებია სარჩელი, რომელშიც დააკონკრეტებდა, რაზე ედავება პრეზიდენტს.

„ელჩებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში, რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, და ამის მერე დაველოდოთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

კითხვაზე, როგორია პრეზიდენტის პოზიცია, ფიქრობს თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ მის დასჯას ცდილობს და მიაჩნია, თუ არა ეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, მსხილაძე პასუხობს:

„პრეზიდენტი რას ფიქრობს, ამას თავად იტყვის, უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ამ ვიზიტის შემდეგ დაისვა საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ, რომ ჩვენ კონსტიტუციას სწორად ვერ ვკითხულობთ. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური. დაველოდოთ, როგორ მიმართავს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს, რა საკითხების განმარტებაზე მიმართავს და ამის მერე გავაკეთებთ კომენტარს“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.


საქართველოს მთავრობა აპირებს, საკონსტიტუიციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ დავა დაიწყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო.

პარტიის განცხადებით, „საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“.

მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას, განსაკუთრებით კი, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

„ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობას ექსკლუზიური უფლებამოსილებებს ანიჭებს და პრეზიდენტს ამაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით.

მათი თქმით, სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. „ოცნების“ თქმით კი, ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის დანიშვნაზე უარი არაერთხელ განაცხადა.

გარდა ამისა, „ოცნება“ ყურადღებას ამახვილებს, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს.

მათი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი