ახალი ამბები

სასამართლომ ნავალნი ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო

22 მარტი, 2022 •
სასამართლომ ნავალნი ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო

მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ნავალნი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ოთხივე ეპიზოდში.

ასევე, ნავალნი დამნაშავედ ცნეს მართლმსაჯულების უპატივცემულობაში. ბრალდებებთან დაკავშირებული სასჯელის ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

15 მარტს სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს სთხოვა, ნავალნი დამნაშავედ ეცნო ყველა ბრალდებაში, მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმა.

ალექსეი ნავალნი, რომელიც „ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, ქალაქ ხიმკის სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ედავება “ივ როშეს” საქმესთან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობების მრავალგზის დარღვევას. “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი