დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ახალი კვლევის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 85% კორონავირუსის მიმართ იმუნურია.
NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს „დიდი კვლევა, – დაახლოებით 20 000 ადამიანზე“, – სადაც ანტისხეულებს იკვლევენ, რათა გაიგონ, პოპულაციის რა პროცენტს აქვს გადატანილი დაავადება და რამდენია ვაქცინირებული.
„წინასწარი გათვლებით, ქვეყნის მოსახლეობაში უკვე არსებობს იმუნური ფენა 85%-ის ფარგლებში, ვინც აცრილია და ვისაც გადატანილი აქვს დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაზუსტებული მონაცემები დაახლოებით 2 კვირის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
2022 წლის 22 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევის რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 643 295-ია.
გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 16 678 ადამიანი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა ამ დროისთვის გაკეთებული აქვს 1 356 735 – ანუ 18+ ასაკის მოსახლეობის 47.2%-ს.
