ახალი ამბებისაზოგადოება

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება უქმდება

22 მარტი, 2022 • 1956
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება უქმდება

საკოორდინაციო საბჭოს 22 მარტის გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება უქმდება. პირბადის ტარებას ღია სივრცეში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

თუმცა პირბადის ტარების ვალდებულება რჩება როგორც დახურულ სივრცეებში, ისე — ტრანსპორტში.

ეს არის, პრაქტიკულად, ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც პანდემიის გამო საქართველოში დარჩა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ პანდემია, პრაქტიკულად, დასასრულისკენ მიდის და ამას მიუთითებს როგორც ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი კლება, ასევე ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის შემცირება. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ამ დროისათვის საავადმყოფოებში მხოლოდ 800 ადამიანი მკურნალობს.

22 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.87%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გლობალურად კოვიდის არაერთი აფეთქებაა სხვადასხვა ქვეყანაში და ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 1.6 მილიონს აღწევს. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ საქართველოს დაბალი მაჩვენებლით „არ უნდა გავთამამდეთ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი