ახალი ამბები

უკრაინა აცხადებს, რომ მაკარივზე კონტროლი დაიბრუნა

22 მარტი, 2022 • 1138
უკრაინა აცხადებს, რომ მაკარივზე კონტროლი დაიბრუნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ კონტროლი დაიბრუნეს კიევიდან დასავლეთით 48 კილომეტრში მდებარე ქალაქ მაკარივზე.

„უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართული იქნა ქალაქ მაკარივის თავზე, როდესაც რუსებმა უკან დაიხიეს”, — ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მაკარივს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსული საჰაერო იერიშების შედეგად. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთის ავიაცია აგრძელებს სარაკეტო დაბომბვებს კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში. ამავდროულად, ისინი აგრძელებენ ბელარუსის აეროპორტის ქსელის აქტიურ გამოყენებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი