ახალი ამბები

ლანდსბერგისი იმ ქვეყნების სანქცირებაზეც საუბრობს, რომლებიც რუსეთს შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან

21 მარტი, 2022 • 2812
ლანდსბერგისი იმ ქვეყნების სანქცირებაზეც საუბრობს, რომლებიც რუსეთს შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ შესაძლოა სანქციები იმ მესამე ქვეყნებსაც დაუწესდეთ, რომლებიც რუსეთს დაეხმარებიან ფინანსური და ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში.

ამის შესახებ მან დღეს, 21 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ლანდსბერგისის თქმით, ვინაიდან ევროკავშირს აქამდე არ ჰქონია დაწესებული ასეთი მასშტაბური სანქციები რუსეთისთვის, შესაძლოა, შეიქმნას ინსტიტუტი, რომელიც სანქციების საკითზე იმუშავებს, მათ შორის ზედამხედველობას გაუწევს მათ შესრულებას.

„ყველა მესამე ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს დაეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში, უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ შესაძლოა, იგივე სანქციები გავრცელდეს ამ ქვეყნებზეც. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამას. ეს ჩვენდამი ნდობას ეხება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირი მუშაობს სანქციების მეხუთე პაკეტზე. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი იმსჯელებს, დააწესოს თუ არა ემბარგო რუსულ ნავთობზე.

აღნიშნული დაადასტურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც და განაცხადა, რომ ნავთობი არის რუსეთის ბიუჯეტში უდიდესი შემოსავლის წყარო და მარტივად ჩანაცვლებადია ინფრასტრუქტურისა და ბევრი მიმწოდებლის გათვალისწინებით.

შესაძლოა, სანქციები იმ ქვეყნებსაც დაუწესდეთ, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი