უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მისი მოადგილე ივან სამაიდუკი გაიტაცეს.
„მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი გაიტაცეს! არ ვიცით რა მდგომარეობაშია! გუშინდელი დღის შემდეგ არ გვქონია ურთიერთობა. დღეს კი მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ცინიკურად გაიტაცეს! ოკუპანტები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ენერგოდარის აქტიურ მოსახლეობაზეც“, – განაცხადა ენერგოდარის მერმა.
დმიტრო ორლოვმა ენერგოდარის მოსახლეობას მოუწოდა, რომ შეკრებილიყვნენ და უკრაინის მოქალაქეების გატაცება გაეპროტესტებინათ.
მოგვიანებით ორლოვმა სოციალურ ქსელში ვიდეო დადო, სადაც ჩანს, რომ ენერგოდარის მოსახლეობა მისი მოწოდებიდან ერთ საათზე ნაკლებში შეიკრიბა და გატაცებული მერის მოადგილის გათავისუფლება მოითხოვა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.