უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 115 ბავშვი ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, დაშავდა 140 ბავშვზე მეტი.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 58 ბავშვი კიევში დაიღუპა, ხარკოვში – 36, დონეცკში – 29, ჩერნიგოვში – 30, ნიკოლაევში – 22, ჟიტომირში – 15, სუმში – 14 და ხერსონში – 14 .
მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების რეგულარული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, 69 კი მთლიანად განადგურდა.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურა განმარტავს, რომ ეს არაა სრულყოფილი მონაცემები, რადგან იმ ადგილებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მონაცემთა შემოწმების შესაძლებლობა არ არსებობს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.