უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 20 მარტს, ქნესეთს – ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზელენსკი ქნესეთის წევრებს „ზუმის“ საშუალებით ჩაერთვება და მისი სიტყვით გამოსვლა ასევე თელ-ავივის ცენტრალურ მოედანზე დიდ ეკრანზეც გადაიცემა.
ისრაელის პარლამენტის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საკანონმდელბლო ორგანოს მიმართა, მათ შორისაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევას საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა. აღნიშნული თხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა „ლელომ“. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, კი ზელენსკი მზადაა საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს. თუმცა ოპოზიციის თხოვნაზე მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.