ახალი ამბები

ბაიდენისა და სი ძინიპინის საუბარმა თეთრი სახლის შეშფოთება ვერ დააშოშმინა – CNN

19 მარტი, 2022 •
ბაიდენისა და სი ძინიპინის საუბარმა თეთრი სახლის შეშფოთება ვერ დააშოშმინა – CNN

თითქმის 2-საათიანმა საუბარმა, რომელიც აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის შედგა, “ვერ დააშოშმინა” აშშ-ის შეშფოთება, რომ ჩინეთი, შესაძლოა, მზად იყოს სამხედრო ან ფინანსური მხარდაჭერის აღმოსაჩენად რუსეთისთვის. აღნიშნულის შესახებ CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის თანახმად, ბაიდენმა საუბარი გამოიყენა იმ შედეგების გასაცხადებლად, რომლებიც ჩინეთის მხრიდან უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში დადგება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება პრეზიდენტ სი ძინპინის ქმედებებს მომავალში.

“ჩვენ გვაქვს ეს შეშფოთება. პრეზიდენტმა დეტალურად განმარტა, რა შედეგები დადგება, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, ვინაიდან[ეს უკანასკნელი] ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – დასძინა მან.

CNN-ის ცნობით, ვიდეოზარის დროს ბაიდენმა წარმოადგინა თავისი ხედვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სი ძინპინთან საუბრის მიზანი ნაწილობრივ იმის დადგენაც იყო, რა პოზიციაზე დგას ჩინეთის პრეზიდენტი. გაურკვეველი დარჩა, გაცხადდა თუ არა აღნიშნული გარემოება.

“ჩინეთმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად სურს დგომა და როგორ სურთ, ისტორიის წიგნებმა შეხედონ მათ და მათ ქმედებებს”, – აღნიშნა ფსაკიმ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბაიდენს განუცხადა, რომ როგორც აშშ-ს, ასევე ჩინეთს, ეკისრებათ პასუხისმგებლობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

„სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა სამხედრო დაპირისპირების ეტაპზე არ უნდა გადავიდეს. კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესებში არ შედის.

მშვიდობა და უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე ძვირფასი საგანძურია“, — უთხრა, ჩინური სახელმწიფო მედიის (CCTV) ცნობით, სი ძინპინმა ბაიდენს.

ჩინეთის პირველი კომენტარი რუსეთის მხრიდან შეიარაღების თხოვნის ცნობებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი