ახალი ამბები

ხატია დეკანოიძის „დასალაგებელი“ არ არის – მდინარაძე ზელენსკის ჩართვაზე პარლამენტში

17 მარტი, 2022 • 1681
ხატია დეკანოიძის „დასალაგებელი“ არ არის – მდინარაძე ზელენსკის ჩართვაზე პარლამენტში

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ენმ-ის „დასალაგებელი“ არ არის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა საქართველოს პარლამენტში.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს, თუკი ეს უკანასკნელი ამ ინიციატივას წამოაყენებს.

დეკანოიძის განცხადებაზე პასუხად მდინარაძემ თქვა, რომ ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადოს“, რადგან „მათი გამოისობით არის უკრაინის ელჩი გაწვეული“:

„ამის შემდეგ დავფიქრდებით, ამ და სხვა ინიციატივას სერიოზულად შევხედავთ თუ არა“, – თქვა მან.

მდინარაძის თქმით, „ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთი საკითხები ლაგდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის“.

„ხატია დეკანოიძის დასალაგებელი არ არის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არ წარდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამას საჭიროების შემთხვევაში დააინიცირებს საქართველოს მთავრობა, ან უკრაინის მთავრობა“, – აცხადებს მდინარაძე.


სულ ცოტა ხნის წინ ეს ინიციატივა „ლელომ“ წამოაყენა, – მოიწვიონ ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის საქართველოს პარლამენტში, როგორც ეს გააკეთეს არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

17 მარტსვე ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ, რომელიც 2015-17 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იყო, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ რამდენიმე საათის წინ ჰქონდა კონსულტაციები პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან და შეუძლია თქვას, რომ:

„პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ჩაერთოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან“.

დეკანოიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მას მოიწვევს სიტყვით გამოსვლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი