ახალი ამბები

დეკანოიძე: ზელენსკი მზადაა, პარლამენტში ჩაერთოს და საქართველოს მიმართოს

17 მარტი, 2022 • 1339
დეკანოიძე: ზელენსკი მზადაა, პარლამენტში ჩაერთოს და საქართველოს მიმართოს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს, თუკი ეს უკანასკნელი ამ ინიციატივას წამოაყენებს.

სულ ცოტა ხნის წინ ეს ინიციატივა „ლელომ“ წამოაყენა, – მოიწვიონ ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის საქართველოს პარლამენტში, როგორც ეს გააკეთეს არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

17 მარტსვე ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ, რომელიც 2015-17 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იყო, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ რამდენიმე საათის წინ ჰქონდა კონსულტაციები პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან და შეუძლია თქვას, რომ:

„პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ჩაერთოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან“.

დეკანოიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მას მოიწვევს სიტყვით გამოსვლისთვის.

მამუკა მდინარაძემ დეკანოიძის განცხადებაზე პასუხად თქვა, რომ ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადოს“, რადგან „მათი გამოისობით არის უკრაინის ელჩი გაწვეული“: „ამის შემდეგ დავფიქრდებით, ამ და სხვა ინიციატივას სერიოზულად შევხედავთ თუ არა“.

მდინარაძის თქმით, „ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთი საკითხები ლაგდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის“.


„ლელოს“ ინიციატივის გახმიანებას სალომე სამადაშვილის მხრიდან პარლამენტში ხმაური მოჰყვა. ერთამენთს სიტყვიერად დაუპირსპირდნენ სალომე სამადაშვილი და „ქართული ოცნების“ წევრები.

„ლავროვი მოიწვიეთ. თუ არ გინდათ ზელენსკის მოწვევა, თქვით, რომ არ გინდათ, არ არის პრობლემა“, – მიმართა სამადაშვილმა „ოცნების“ წევრებს.

პასუხად „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ სამადაშვილს უთხრა, რომ ლავროვი თავად მოიწვიონ, რადგან „საქმით რუსები არიან, ხოლო ტლიკინით – ევროპელები“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი