ახალი ამბები

ზელენსკი მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად – „ლელო“

17 მარტი, 2022 • 1602
ზელენსკი მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად – „ლელო“

„ლელო“ ინიციატივით გამოდის, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოსასვლელად საქართველოს პარლამენტშიც მოიწვიონ, როგორც ეს გააკეთეს არაერთი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოში.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დღეს, 17 მარტს, პარლამენტის პლენარული სესიის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა წინადადება გავაჟღერო და მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, რომ „ლელო საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის მიერ ამ ინიციატივის გახმიანებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა, ერთამენთს სიტყვიერად სალომე სამადაშვილი და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირსპირდნენ.

„ლავროვი მოიწვიეთ. თუ არ გინდათ ზელენსკის მოწვევა, თქვით, რომ არ გინდათ, არ არის პრობლემა“, – მიმართა სამადაშვილმა „ოცნების“ წევრებს.

პასუხად „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ სამადაშვილს უთხრა, რომ ლავროვი თავად მოიწვიონ, რადგან „საქმით რუსები არიან, ხოლო ტლიკინით – ევროპელები“.


უკვე 22-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი