შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება მისი გადასაწყვეტი არაა და ამაზე მმართველი გუნდი უნდა შეთანხმდეს.
ამის შესახებ მან დღეს, 17 მარტს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. გომელაურს რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებაზე რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა.
გარდა ამისა, „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გომელაურს ჰკითხა, არიან თუ არა პოტენციური საფრთხის მატარებელი რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ერთი წლით ცხოვრობენ.
„მეორე შეკითხვა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებით მაქვს. ისინი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ცხოვრობენ ერთი წლის მანძილზე, შემდეგ გადიან სომხეთში, ბრუნდებიან და ისევ შეუფერხებლად აგრძელებენ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას. მაინტერესებს, თქვენს უწყებას აქვს თუ არა ინფორმაცია იმ ხალხზე, ვინც აქ რუსეთიდან ჩამოდის, რა საქმიანობას ეწევიან? არის თუ არა პოტენციურად საფრთხის მატარებელი ზოგიერთი მათგანის აქ ყოფნა. ჩვენ ვიცით, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში მაინცდამაინც რუსეთის ჯარს აქ არ უნდა ველოდებოდეთ. შესაძლებელია, სხვა გზებითაც მოახდინოს სერიოზული დესტაბილიზაცია რუსეთმა ჩვენი ქვეყნის“, – ჰკითხა სამადაშვილმა.
გომელაურის თქმით, ამ საკითხს შს მინისტრი ვერ გადაწყვეტს და ალბათ, კანონი უნდა შეიცვალოს.
„კითხვები იყო, რუსეთის მოქალაქალაქეები ცხოვრობენ ერთი წელი… ალბათ, კანონი უნდა შეიცვალოს, შინაგან სამქეთა მინისტრი ვერ გადაწყვეტს, აქ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, ერთი წელი უნდა იყვნენ თუ სამ თვეში უნდა გავიდნენ და შემოვიდნენ. კანონი შეიცვალოს და ჩვენ შევასრულებთ. ჩვენ ვართ კანონის აღმასრულებლები“, – განაცხადა გომელაურმა.
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. აღნიშნულის მიზეზებს შორის, ერთი მხრივ, რუსეთის შიგნით განსხვავებული აზრის გაძლიერებული დევნა და შესაძლო საომარი მდგომარეობისადმი შიში, მეორე მხრივ კი, დასავლური სანქციების გამო მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე თავის არიდება სახელდება.
ქვეყნის დატოვების მსურველი არაერთი ადამიანი ბოლო ან დროებით გაჩერებად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს ირჩევს: რიგ შემთხვევებში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, ისევე როგორც იმ რეისების ბილეთების ფასები, რომელთა მეშვეობითაც რუსებს საქართველოში მოხვედრა სურთ.
ამ ფონზე, ქართულ საზოგადოებაში გააქტიურდა დისკუსია, წარმოადგენს თუ არა ეს ვითარება საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის და როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ პოტენციურ გამოწვევას. ისმის მოსაზრებებიც, რომ კითხვები ლეგიტიმურია, თუმცა მიუღებელია ქსენოფობიური გამოვლინებები.