ახალი ამბები

საქართველოს ადგილი ევროკავშირშია – პოლონეთის პრემიერი

17 მარტი, 2022 •
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში.

მისი თქმით, ევროპული გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, მათთვის მნიშვნელოვანია და აფასებენ ამ არჩევანს. მორავიეცკი იმედოვნებს, რომ ამ მხარდაჭერას ევროკავშირშიც გაიზიარებენ.

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე დღეს, 17 მარტს განაცხადა.

„პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს და ამიტომ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში“, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.


რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

3 მარტს ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი  მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი