პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართველებს არასდროს დაავიწყდებათ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა ფართომასშტაბიანი ომის დროს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოში ვიზიტამდე 2 დღით ადრე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ერთად, კიევში იმყოფებოდა.
„ჩვენი ხალხების საერთო ისტორიაში სოლიდარობის და ურთიერთთანადგომის არაერთი მაგალითი გვაქვს. საქართველო და პოლონეთი ყოველთვის იდგა გვერდიგვერდ მძიმე წუთებში. ჩვენ, ქართველებს, არასდროს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც პრეზიდენტი კაჩინსკი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით. მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს. ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
2008 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ასევე, დედაქალაზე რუსეთის შეტევის შანსის შესამცირებლად, თბილისში ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრი.
უკრაინაში ომის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს სხვადაასხვა ქვეყნის ლიდერს კიევში ჩასვლისაკენ მოუწოდა, თუმცა იქ გამგზავრებას პრემიერი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, არ აპირებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, უკრაინაში ომის ფონზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების კიევში გამგზავრება უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა თბილისში უცხო ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჩამოვიდა, ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო.
რეალურად, იმ დროისთვის, როცა უცხოეთის პრეზიდენტები თბილისში ჩამოვიდნენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი. რუსეთის საჰაერო ძალები საქართელოს ტერიტორიებს 12 აგვისტოსაც ბომბავდნენ, მათ შორის, ამ დღეს დაიბობმა გორის ცენტრალურ მოედანი, რის შედეგადაც რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო 15 დაიჭრა.
ასევე, 12 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალები კასპის და ხაშურის რაიონების სოფლებს ბომბავდნენ და რუსეთის მოიერიშე ვერტმფრენმა გორის მახლობლად ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ გადაჰყავდა; შედეგად, ცხრა მგზავრი დაიღუპა.
2008-ში პრეზიდენტები რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ცეცხლი შეწყვეტილი იყო – “ოცნების” დეპუტატი