საზოგადოება

2008-ში პრეზიდენტები რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ცეცხლი შეწყვეტილი იყო – “ოცნების” დეპუტატი

16 მარტი, 2022 • 4320
2008-ში პრეზიდენტები რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ცეცხლი შეწყვეტილი იყო – “ოცნების” დეპუტატი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ კიევში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ჩასვლა უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული და ამიტომ, ამ საკითხის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა თბილისში უცხო ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჩამოვიდა, ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო.

„კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს, ალბათ, ცალკე განხილვის საკითხი იქნება. პირველ რიგში, მე მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ეს ზომები გარანტირებული იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, უბრალოდ, ლოკალურად ხდება ხოლმე სამშვიდობო კორიდორების გახსნა. ზოგადად, მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით  კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა, საბრძოლო მოქმედებების ზონაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


2008 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ასევე, დედაქალაზე რუსეთის შეტევის შანსის შესამცირებლად, თბილისში ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრი

როგორც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო თომა ჩაგელიშვილთან ინტერვიუში იხსენებს, აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის ლიდერი თბილისში გამოსამგზავრებლად კიევში შეიკრიბნენ, თუცმა იმის გამო, რომ სამხედრო მოქმედებები გრძელდებოდა და მათთვის უსაფრთხო კორიდორი არ გაიხსნა, პირდაპირ თბილისში ჩამოფრენა ვერ შეძლეს და საქართველოში აზერბაიჯანიდან სახმელეთო გზით შემოვიდნენ.

„სამი საათი გავიდა, არ გვაძლევენ კორიდორს. ვხვდებით, რომ უკვე ღამდება. ღამით ამ რეისის შესრულება და იქამდე მიღწევა ძალიან რთულია. ვხვდებით, რომ სამხედრო მოქმედებებია, ტერიტორია არ არის უსაფრთხო. არ არსებობს კეთილი ნება ამ კორიდორის უზრუნველსაყოფად. შეცვალეთ გადაწყვეტილება და ავიღეთ ანკარაზე გაფრენის ნებართვა. იმისთვის, რომ შემდეგ კავკასიით შემოგვევლო საქართველოსთვის და დავშვებულიყავით სადღაც აზერბაიჯანში. ჩვენი იდეა იყო ასეთი და დარწმუნებული ვიყავით, რომ თუ რუსები წამოვლენ თბილისისკენ, დავდგებით ერთ-ერთ გზაზე და ასე გამოვხატავთ…“, – განაცხადა იუშჩენკომ.

სააკაშვილი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები თბილისში, 2008 წლის 12 აგვისტოს © EPA/ZURAB KURTSIKIDZE QUALITY REPEAT

civil.ge-ს არქივის მიხედვით, რუსეთის საჰაერო ძალები საქართელოს ტერიტორიებს 12 აგვისტოსაც ბომბავდნენ, მათ შორის, ამ დღეს დაიბობმა გორის ცენტრალურ მოედანი, რის შედეგადაც რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო 15 დაიჭრა.

ასევე 12 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალები კასპის და ხაშურის რაიონების სოფლებს ბომბავდნენ და რუსეთის მოიერიშე ვერტმფრენმა გორის მახლობლად ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ გადაჰყავდა; შედეგად ცხრა მგზავრი დაიღუპა.

ამასთან, იმ დროისთვის, როცა უცხოეთის პრეზიდენტები თბილისში ჩამოვიდნენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას მერე ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ომს უკრაინაში უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 90-ზე მეტი ბავშვი.

გუშინ, 15 მარტს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და ვიცე-პრემიერი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა კიევში ჩავიდნენ. ისინი უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

ზელენსკის თქმით, კიევში ჩასვლა შესაძლოა, სახიფათოა, რადგან ცა ჯერ კიდევ არ ჩაუკეტილი რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, თუმცა ვინც უკრაინასთან არის, მიიღებს მადლიერებას არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ სხვა ერების მადლიერებასაც.

„ყველას, ვინც ჩვენთანაა, აქვს შანსი, გახდეს ნამდვილი გმირი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი