საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს და ვიზიტისთვის ლოჯისტიკურ დახმარებას სთავაზობს.
„მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა“, – აცხადებს სააკაშვილი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას მერე ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ომს უკრაინაში უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 90-ზე მეტი ბავშვი.
გუშინ, 15 მარტს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და ვიცე-პრემიერი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა კიევში ჩავიდნენ. ისინი უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს.
ზელენსკის თქმით, კიევში ჩასვლა შესაძლოა, სახიფათოა, რადგან ცა ჯერ კიდევ არ ჩაუკეტილი რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, თუმცა ვინც უკრაინასთან არის, მიიღებს მადლიერებას არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ სხვა ერების მადლიერებასაც.
„ყველას, ვინც ჩვენთანაა, აქვს შანსი, გახდეს ნამდვილი გმირი“, – განაცხადა ზელენსკიმ.