ახალი ამბები

კადიროვს გროზნო არ დაუტოვებია – „უკრაინსკაია პრავდას“ გამოძიება

16 მარტი, 2022 • 1917
კადიროვს გროზნო არ დაუტოვებია – „უკრაინსკაია პრავდას“ გამოძიება

უკრაინული მედიასაშუალება „უკრაინსკაია პრავდა“ აცხადებს, რომ ჩაატარეს გამოძიება და დაადგინეს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის ტერიტორიაზე არ ყოფილა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 13 მარტს რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კადიროვი უკრაინაში იმყოფებოდა და ჩეჩენ მებრძოლებს ხვდებოდა. 14 მარტს კი კადიროვის ტელეგრამ არხში ვიდეომიმართვაც აიტვირთა. ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს კადიროვმა ვიდეომიმართვა კიევიდან რამდენიმე კილომეტრში, გოსტომელში ჩაწერა. თუმცა კადრებში, რომელიც გავრცელდა, ლოკაციის გარჩევა შეუძლებელი იყო.

გამოცემა უკრაინის უშიშროების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი მობილურის ორ ნომერს იყენებს, რომელთაგან არცერთი დაუფიქსირებია ბოლო 7 დღის განმავლობაში უკრაინაში მოქმედ მობილურ ოპერატორებს ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული საკომუნიკაციო კოშკურების მეშვეობით.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ღია ონლაინ სერვისებით თავადაც სცადეს კადიროვის IP მისამართის განსაზღვრა. მათი თქმით, კადიროვს ინსტაგრამის ანგარიშზე დაუკავშირდნენ, რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება RIA-ს ჟურნალისტად წარუდგინეს თავი და გაუგზავნეს სტატიის ბმული. გამოცემა აცხადებს, რომ კადიროვი აღნიშნულ ბმულზე გადავიდა, გეოლოკაციით კი დადგინდა, რომ ბმულზე შესვლა ქალაქ გროზნოდან განხორციელდა.

გამომდინარე აქედან, „უკრაინსკაია პრავდა“ ასკვნის, რომ რამზან კადიროვს გროზნო არც დაუტოვებია და გავრცელებული ცნობები, თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი