ახალი ამბები

ზელენსკი ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს

16 მარტი, 2022 • 1004
ზელენსკი ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინ, 15 მარტს, კიევში ჩავიდნენ სამი ქვეყნის — პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის — ლიდერები.

„დღეს კიევს ეწვია სამი პარტნიორი სახელმწიფოს, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლებიც უკრაინის მეგობრები არიან: პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვენია. პოლონეთს ასევე წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი. გამიხარდა, რომ შევხვდი მათ და პირსპირ, ცოცხლად ვესაუბრე ჩვენს დედაქალაქში. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. როდესაც ჩვენი კიევი ოკუპანტების სამიზნეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით გაბედული იყო აქ, ჩვენ გვერდით, მეგობრების გვერდით,  ყოფნა. ამაში ვლინდება ლიდერობა“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კიევში ჩასვლა სახიფათოა, რადგან ცა ჯერ კიდევ არ არის ჩაკეტილი რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, თუმცა, ვინც უკრაინასთან არის, მიიღებს  არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ სხვა ერების მადლიერებასაც.

„ყველას, ვინც ჩვენთანაა, აქვს შანსი, გახდეს ნამდვილი გმირი“, – განაცხადა ზელენსკიმ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას მერე ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ომს უკრაინაში უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 90-ზე მეტი ბავშვი.

გუშინ, 15 მარტს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და ვიცე-პრემიერი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა კიევში ჩავიდნენ. ისინი უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი