უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 16 მარტის მდგომარეობით, უკრაინული თავდაცვის ძალების მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა უწყება ასევე აცხადებს:
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს, დამანგრეველი დარტყმები მიეყენებინათ ოკუპანტი ჯარისკაცების ჯგუფებისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზოგიერთ არეალში კი კონტრშეტევა მოაწყვეს“, – აცხადებს გენშტაბი.
მაგალითად, უკრაინული მხარის განცხადებით, ხარკოვთან რუსეთის არმიას უკან დაახევინეს და საწყის პოზიციებზე დაბრუნება აძულეს.
ამასთან, უკრაინული მხარის თანახმად, 15 მარტს უკრაინელებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამი თვითმფრინავი, მათ შორის, ორი Su-34 გაანადგურეს.
„ამასთან, ჩამოგდებულია ერთი ვერტმფრენი, სამი UAV-ი და ორი რაკეტა“, – წერია განცხადებაში.
მედიაში ასევე ვრცელდება ცნობები ქალაქ ხერსონთან რუსულ საჰაერო ბაზაზე უკრაინის ძალების თავდასხმის შესახებ, რის შედეგადაც 4 ვერტმფრენი განადგურდა და სამი დაზიანდა. ეს ინფორმაცია გენშტაბმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ხერსოთან, ჩორნობაივკის მიდამოებში, „მტერმა 7 ვერტმფრენი დაკარგა“.
უკრაინის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სარაკეტო შეტევებსა და დაბომბვას უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურაზე და მჭიდროდ დასახლებულ არეალებზე.








