ახალი ამბები

საგარეჯოში ენმ-ის ოფისი დაარბიეს – ბოტკოველი

15 მარტი, 2022 •
საგარეჯოში ენმ-ის ოფისი დაარბიეს – ბოტკოველი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ საგარეჯოში მათი ოფისი დაარბიეს.

პარლამენტის სხდომაზე ბოტკოველმა გააკრიტიკა „ოცნების“ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან ეროვნულ თანხმობაზე. ბოტკოველი ამბობს, რომ პარტია, ერთი მხრივ, თანხმობაზე საუბრობს:

„მაგრამ, მეორე მხრივ, სულ სხვა რამეს ვხედავთ. ფაქტს გეტყვით, სანამ ჩვენ სხდომას დავიწყებდით, აღმოჩნდა, რომ წუხელ, გვიან ღამით ორგანიზებული ჯგუფი შევარდნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს ოფისში და დაარბიეს ოფისი. მთლიანად განადგურებულია ტექნიკა, ინვენტარი, და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

უკვე წინასწარ ვიცით, რას იზამს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაიწელება და „ქართული ოცნებისგან“ მოვისმენთ განცხადებას, რომ თურმე ეს 10- 12 წლის წინ გაბრაზებული ხალხის ქმედებაა, ალბათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა წარწერასა და ქმედებას – ამას პირდაპირ შეიძლება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედება დაერქვას“, – დასძენს ის.

ბოტკოველი ამბობს, რომ ხშირია ენმ-ის მადისკრიმინირებელი ქმედებები, მაგალითად, ის, რომ მათ ოფისებზე ჩნდება სტენსილები, წარწერებით „მეხუთე კოლონა“. ის ამატებს, რომ „ოცნებას“ რეალურად არ უნდა თანხმობა და თავად უდგას ამგვარ ქმედებებს სათავეში.

„ამ ყველაფერს ფონად მისდევს თქვენი ხელშეწყობით, კონსერვატიულ ნიღაბში გამოწყობილი „ალტ-ინფოს ოფისები, სადაც პირდაპირ დასტურდება, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლებაა ჩართული. ბევრი ოფისი ალტ -ნფოსი არის მუნიციპალური საკუთრება და პირდაპირ ხელშეკრულებებია გაფორმებული მუნიციპალიტეტთან. ვინ ატარებს რუსულ ინტერესებს“, – აცხადებს ბოტკოველი.

ნეტგაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე (ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა) და 187-ე (ნივთის დაზიანება/განადგურება) მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი