ახალი ამბები

გაუგებარია ინფორმაცია, რომ თურმე უკრაინის ელჩი 2 კვირა საქართველოში იმყოფებოდა – სამხარაძე

15 მარტი, 2022 •
გაუგებარია ინფორმაცია, რომ თურმე უკრაინის ელჩი 2 კვირა საქართველოში იმყოფებოდა – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, „გაუგებარია ინფორმაცია“, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაწვეული უკრაინის ელჩი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა.

„ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო უკრაინის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ასევე გაუგებარია ის ინფორმაცია, რომ თურმე ელჩი 2 კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და არ ყოფილა წასული უკრაინაში. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, უკრაინის ხელისუფლება ძალიან მალე გააკეთებს განცხადებას, რომ ელჩი ისევ შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას და ამ ერთგვარ უსიამოვნო საკითხს ერთხელ და საბოლოოდ ამოვწურავთ, რადგან ეს არ ეკადრება ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს“, – განაცხა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გუშინ, 14 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები, როგორ შედის თბილისში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი. ელჩმა ტელეკომპანიასთან კომენტარი არ გააკეთა.

საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ელჩი ქვეყანაში მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ეცნობება.

კასიანოვის თქმით, ელჩი უკრაინის პრეზიდენტმა 1 მარტს კონსულტაციებზე გაიწვია. საელჩოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უკრაინა 3 კვირაა ომშია და თანამედროვე დროში კონსულტაციები სხვადასხა ფორმატში შეიძლება წარიმართოს:

„როგორც იცით, უკრაინის ელჩი გაწვეული იყო 1 მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში.

უკრაინა სამი კვირაა ომშია, უკრაინაში საომარი მდგომარეობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურს. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის- ომის დროს ელჩის მოღვაწეობას“ ,- ამბობს ელჩის მრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი