ახალი ამბები

უკრაინაში ომის დროს დაიღუპა, სულ მცირე, 3 ჟურნალისტი, დაშავდა 35 — სახალხო დამცველი

15 მარტი, 2022 • 1159
უკრაინაში ომის დროს დაიღუპა, სულ მცირე, 3 ჟურნალისტი, დაშავდა 35 — სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაიღუპა, სულ მცირე, 3 ჟურნალისტი, დაშავდა მინიმუმ – 35.

დენისოვა ამბობს, რომ დაღუპულებს შორის არიან: ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი, რომელიც დაიღუპა ნიკოლაიევთან; ოპერატორი იევენ საკუნი, ის ემსხვერპლა კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვას; და ბრენტ რენო, რომელიც ირპენში მოკლეს.

ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები ჟურნალისტებს გამიზნულად ესვრიან. მაგალითად, შვედი ჟურნალისტის, გილუმ ბრიკეს მანქანას „პრესის“ წარწერა ჰქონდა, თუმცა მაინც ესროლეს.

„ოკუპანტების ეს ქმედებები ემსახურება იმას, რომ თავიანთი რასისტული პროპაგანდითა და იდეოლოგიით ინფორმაციის გავრცელების ყველა წყარო გადაფარონ“, – დასძენს დენისოვა და ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს.


უკვე 20 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სულ მცირე 90 ბავშვია.ნახეთ ასევე:https://netgazeti.ge/news/599677/

მასალების გადაბეჭდვის წესი