ახალი ამბები

საქართველოში უკრაინის დაახლოებით 4100 მოქალაქეა – საელჩო

15 მარტი, 2022 • 1145
საქართველოში უკრაინის დაახლოებით 4100 მოქალაქეა – საელჩო

უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრე კასიანოვი ამბობს, რომ დღეს საქართველოში უკრაინის 4000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

„დაუზუსტებელი მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში  უკრაინის 4100 უკრაინის მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. უკრაინელები საქართველოში ჩამოდიან 24 თებერვლის შემდეგ, რისი მთავარი მიზეზიც უკრაინის ტერიტორიაზევე შემოსული აგრესორი და რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე ბარბაროსული თავდასხმაა“, – ამბობს კასიანოვი.

ის დასძენს, რომ საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი – თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან და სხვა. ის ასევე ამბობს, რომ არ წყდება ჰუმანიტარული დახმარებები კერძო პირებისა და ბიზნესებისგან. არსებობს ასევე დახმარების პუნქტები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებაშია შექმნილი.


უკვე 20 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სულ მცირე 90 ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი