„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროება დაიწყო. ამის შესახებ მან დღეს, 15 მარტს, პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ დავა დაიწყოს, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.
„თქვენ დღეს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას იმისთვის, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის, აქ, პარლამენტის წინ მოედანზე; იმისთვის, რომ ის შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტ მიშელს; იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროკავშირში გაწევრების მომავალზე ესაუბრა და იმისთვის, რომ გაბედა და დააფიქსირა უკრაინის მხარდასაჭერი პოზიციები, რომელიც სრულად აცდენილია „ოცნების“ პოზიციებთან და სრულად სინქრონიზებულია დასავლეთთან. ამიტომ, პოლიტიკურ ისტორიაში ასე შევა ეს თქვენი განცხადება და რეაქციაც იქნება ადეკვატური“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის მიმართ მოქალაქეებმა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ერთიანობა გამოავლინეს. ამასთანავე, აღნიშნა, რომ უკრაინის დამსახურებაა „დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი“.
პრეზიდენტი დასძენს, რომ დღეს ყველასთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, გარდამტეხი მომენტია, რადგან, გამოწვევებთან და ომებთან ერთად, ასეთ მომენტებს შესაძლებლობებიც მოაქვთ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.
მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.
ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას, დღეს, 14 მარტს ისაუბრა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.
გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო არ შეუერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საქართელოს ხელისუფლება არასაკმარისი მხარდაჭერისა და საჯარო განცხადებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკრიტა.