ახალი ამბები

„ოცნების“ თქმით, ზურაბიშვილი ევროინტეგრაციაზე „ჭარბი მოლოდინის“ გაჩენას ცდილობს

15 მარტი, 2022 • 1535
„ოცნების“ თქმით, ზურაბიშვილი ევროინტეგრაციაზე „ჭარბი მოლოდინის“ გაჩენას ცდილობს

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ევროინტეგრაციის სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ემსახურებოდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

„ოცნების“ შეფასებით, გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

„პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს.

გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს“, – აცხადებს „ქართულო ოცნება“.

„ქართული ოცნების“ თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი, „გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა“.

„გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების – ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს.

ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია“, – აცხადებს „ქართული ოცნება“.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას სთავაზობს. ამის შესახებ მან 14 მარტს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ერთპიროვნულად ხელის მოწერის ნაცვლად, ისტორიული განაცხადი უნდა ყოფილიყო ეროვნული კონსოლიდაციის ნიშანი. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, ერთსულოვნად მიიღონ რეზოლუცია ევროინტეგრაციის შესახებ. ასევე, აცხადებს, რომ გაეცნო რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს თუ ინიციატივებს.

ის ასევე გამოვიდა შეთავაზებით, სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული.

ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2017 წელს გაუქმდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი