საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას სთავაზობს.
სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ერთპიროვნულად ხელის მოწერის ნაცვლად, ისტორიული განაცხადი უნდა ყოფილიყო ეროვნული კონსოლიდაციის ნიშანი. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, ერთსულოვნად მიიღონ რეზოლუცია ევროინტეგრაციის შესახებ. ასევე, აცხადებს, რომ გაეცნო რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს თუ ინიციატივებ.
„გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით“, — განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
ის ასევე გამოვიდა შეთავაზებით, სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული.
„ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი.კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2017 წელს გაუქმდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.