ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს

13 მარტი, 2022 • 3030
აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს

12 მარტს აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს. ოფიციალური ინფორმაციით, 35 სადეპუტატო ადგილისთვის 123 კანდიდატი იბრძოდა. პროცესს კრიტიკულად გამოეხმაურა როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ე.წ. არჩევნებზე აქტივობამ 40%-ზე მეტი შეადგინა. ადგილობრივი საკანონმდებლო რეგულაციით, არჩევნები ჩატარებულად ცხადდება, თუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 25% კენჭისყრაში მონაწილეობს.

დე ფაქტო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედება უწოდა.

“ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება”, — დასძენს უწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა. ის არ ცნობს ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არც მის შედეგს აღიარებს.

“აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე საკითხის კომენტირებისას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, საზოგადოებას შეახსენა, რომ “ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ თუ იურიდიულ ჩარჩოებს”, რომლებშიც დე ფაქტო არჩევნები გაიმართა.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში”, — დასძინა ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი