ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

11 მარტი, 2022 •
ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

ამ დროისთვის პეტიციას ხელს 2000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ხელმომწერებს შორის არიან აკადემიურის სფეროს წარმომაგდენლები, ასევე, პოლიტიკოსები, მათ შორის ელენე ხოშტარიაც.

პეტიციის ხელმომწერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს მოუწოდებენ:

„დაუწესონ სანქციები რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეხმარება რუსეთს, თავი აარიდოს პუტინის რეჟიმისთვის დაწესებულ სანქციებს და ქვეყანას რუსეთის სატელიტად ქცევის საშიშროების წინაშე აყენებს. ამის საპირისპიროდ, ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია და ერთსულოვნად მხარს უჭერს უკრაინას.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოაშკარავებული პუტინის გეგმა, შეცვალოს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და დააყენოს მისი მარიონეტი, ახალი არ არის. ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და „გაზპრომის“ აქციონერი, მართავს საქართველოს თავისი მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებიც თანამდებობებს ინარჩუნებენ არჩევნების შედეგების უხეშად გაყალბებითა და პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეშფოთებულია იმით, რომ მთავრობა პუტინის დღის წესრიგს უჭერს მხარს.

„საზოგადოების განწყობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მჭიდრო საქმიანი და პოლიტიკური კავშირები აქვს რუსეთთან, არის ფაქტობრივად საქართველოს ერთპიროვნული მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები. ოლიგარქი ივანიშვილი არა მხოლოდ პოლიტიკურად არის დაკავშირებული რუსეთთან, არამედ მას ვალდებულებებიც აქვს რუსეთის წინაშე, ვინაიდან მთელი მისი სიმდიდრე რუსეთთანაა გადაჯაჭვული. შედეგად, არსებობს დიდი საფრთხე, რომ საქართველო უკანონო ფინანსური და ეკონომიკური ტრანსაქციების კერად იქცეს“, – ნათქვამია პეტიაციაში.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, „საქართველოს ღიად პრორუსულმა მთავრობამ“ ღიად გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად:

  • არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს;
  • არ ჩაუკეტა ცა რუსეთის თვითმფრინავებს;
  • უკრაინელი ლტოლვილების დახმარება მან მთლიანად სამოქალაქო სექტორს და მოხალისეებს გადააბარა და ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი გეგმა არა აქვს;
  • არ შემოუშვა უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა;
  • არ პასუხობს ქართველი მოქალაქეების ხმამაღალ მოთხოვნას, გააუქმოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის და იმოქმედოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე; [ მთავრობა უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, ვინც რუსეთიდან ადამიანების მასობრივი შემოდინების წინააღდეგია, შოვინისტია და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა. ის დაემუქრა მოქალაქეებს მოქმედი კანონის გამკაცრებით.]
  • აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უკრაინის მოქალაქეზე, ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, მიხეილ სააკაშვილზე. პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი არის არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის მსხვერპლი.

პეტიციის თანახმად, ამჟამად საქართველო არის პუტინის პლაცდარმი სანქციებისგან თავის ასარიდებლად და ფულის გასათეთრებლად.

„საქართველოს მთავრობამ დაუშვა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება, რომლებიც ჩამოსვლისთანავე არეგისტრირებენ კომპანიებს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა რუსეთში აკრძალული ოპოზიციური ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლაზე.

გაცხადდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა. თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, შელახავს ჩვენს მეგობრობას უკრაინასთან, ჩვენს სანდოობასა და ჩვენს მომავალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვსურს შევცვალოთ საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალი გზა, ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს, დაუწესონ სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც სრულად აკონტროლებს მთავრობის სამივე შტოს, ასევე, მის თანამონაწილეებს, მათ შორის, და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს“, – ნათქვამია პეტიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი