ახალი ამბები

ვიმედოვნებთ, რომ ბრალდებულების გამოკვეთა შვება იქნება ომის მსხვერპლთათვის — OSGF ჰააგის გადაწყვეტილებაზე

11 მარტი, 2022 • 914
ვიმედოვნებთ, რომ ბრალდებულების გამოკვეთა შვება იქნება ომის მსხვერპლთათვის — OSGF ჰააგის გადაწყვეტილებაზე

“საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი” ეხმაურება ჰააგის სასამართლოს (ICC) პროკურორის სასამართლოსადმი მიმართვას, რომლის მიხედვითაც, პროკურორმა მოითხოვა დაკავების განჩინებები სამი ოსი მაღალჩინოსნისთვის აგვისტოს ომის საქმეზე.

ორგანიზაცია საზოგადოებას შეახსენებს, რომ მისი მხარდაჭერით მომზადდა დეტალური ანგარიში აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელშიც თავმოყრილი და დოკუმენტირებულია შესაბამისი მტკიცებულებები და მსხვერპლთა ზეპირი ისტორიები.

“ამის შემდეგ, ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიცია, რომელიც 6 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებდა.

სწორედ პარტნიორი ორგანიზაციების ძალისხმევით, სასამართლოს და პროკურორის ოფისს მიეწოდა ათასობით მსხვერპლის განაცხადი. ამასთანავე, კოალიციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ადვოკატირების ღონისძიებაში როგორც თბილისში, ასევე – ჰააგაში.

გვსურს, ფონდის სახელით მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ომის დანაშაულებში ბრალდებული პირების გამოკვეთა”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდი ასევე ახსენებს მის მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციას, „საერთაშორისო სამართლიანობას“, რომელსაც სპეციალური წარმომადგენლობა ჰქონდა ჰააგაში, მისი ხელმძღვანელი, ნიკა ჯეირანაშვილი კი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ადვოკატირების ღონისძიებაში ქართველ პარტნიორებთან ერთად.

“სწორედ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროკურორის ოფისისა და სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურებისთვის სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება”, — დასძენს “ღია საზოგადოება”.

ფონდი იმედს იტოვებს, რომ მცირედი შვება იქნება ომის მსხვერპლებისთვის, გამოძიება რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს და ბრალდებულები გამოიკვეთონ. ასევე, როცა სასამართლო მოახერხებს, პასუხისგებაში მისცეს ომის დანაშაულებში ბრალდებული პირები, რაც აგვისტოს ომის საქმეზე სამართლიანობის დამკვიდრებისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერები გასცა. პროკურორ კარიმ ხანის განცხადებით, დაკავების ორდერები გაიცა შემდეგ პირებზე:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად  2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შელახვა, ადამიანთა მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანა.

ჰააგის პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი