ახალი ამბები

“ღმერთო, რა სირცხვილია” — Georgian Airways-ს მინსკში ფრენებისთვის აკრიტიკებენ

10 მარტი, 2022 • 2350
“ღმერთო, რა სირცხვილია” — Georgian Airways-ს მინსკში ფრენებისთვის აკრიტიკებენ

უკრაინის სახელმწიფო ავიაციის სამსახურის ყოფილი უფროსი დენის ანტონიუკი ეხმაურება ინფორმაციას Georgian Airways-ის მიერ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ფრენების განახლების შესახებ.

„ღმერთო, როგორი სირცხვილია — გასული ორი კვირის ფონზე, ხარკოვის, ბუჩის, მარიუპოლის, ჩერნიგოვის, დღევანდელი ФАБ-1000-ის [საავიაციო ბომბი] ფონზე, რომელიც მარიუპოლში სამშობიარო სახლს დაეცა — ფულის საკეთებლად ლუკაშენკოსთან ფრენა. რომელ საერთო ფასეულობებზე და საერთო ევროპულ პერსპექტივაზე შეიძლება საუბარი? იმედია, რომ რეისი არ არის, რომ ეს ნამდვილი არაა და ბელარუსის და მინსკის აეროპორტის თამაშია. უარყავით, გთხოვთ“, — წერს ანტონიუკი სოციალურ ქსელში და მათ შორის მიმართავს „საქართველოს ავიახაზების“ ხელმძღვანელობას.

კრიტიკას გამოეხმაურა Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე რობერტ ოგანესიანი.

„მეგობრებო, მე მშვენივრად მახსოვს, 2014 წელს როგორ შევასრულეთ 6 რეისი „Як 42“-ით დონეცკში და ჩამოვიყვანეთ 700-ზე მეტი კაცი მაშინ, როდესაც აეროპორტი საერთოდ დაკეტილი იყო. სად იყო თქვენი მადლობა, შეგიძლიათ იპოვოთ? ასევე მახსოვს 1992 და 2008 წლების — ვინ საით მიფრინავდა. ასე რომ, მომიტევეთ, მაგრამ საერთოდ არ გეთანხმებით“, — უპასუხა ოგანესიანმა დენის ანტონიუკს.

მარტის თვის განრიგის თანახმად, „Georgian Airways“ თბილისსა და მინსკს შორის ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.

Georgian Airways მიმდინარე კვირას კრიტიკის ობიექტი გახდა რუსული საბანკო საბარათო სისტემა Мир-ის გამოყენებისთვისაც.

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ რუსული საგადახდო ბარათის, МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის. კომპანია განმარტავს, რომ მას ხელშეკრულება აქვს დადებული ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც ამერიკულ საბარათე სისტემებთან ერთად, ბილეთებს МИР-ის მეშვეობითაც ყიდის.

“ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი