ახალი ამბები

ტყვედ მინიმუმ 250-300 რუსი წვევამდელია ჩავარდნილი – არესტოვიჩი

10 მარტი, 2022 • 1303
ტყვედ მინიმუმ 250-300 რუსი წვევამდელია ჩავარდნილი – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ამჟამად ტყვედ, სულ მცირე, 250-300 რუსი წვევამდელია ჩავარდნილი.

არესტოვიჩი ამბობს, რომ ტყვეები „ბევრ საინტერესო რამეს“ ჰყვებიან, მათ შორის არიან „ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელები, რომლებიც იმყოფებოდნენ მთიან ყარაბაღში და ომობდნენ დონბასში“.

„შემიძლია გითხრათ იმ პირთა რაოდენობა, რომელიც ახლა ტყვეობაშია – იქ, სულ მცირე, 250-300 ადამიანია, მხოლოდ წვევამდელებზეა საუბარი“, – დასძენს ის და ამატებს, რომ წვევამდელები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, თუ რა მეთოდები აქვთ საბრძოლველად – „რადგან მათ არ შეუძლიათ ჯარის დამარცხება, ცდილობენ, დაამარცხონ მოსახლეობა როგორც მარიუპოლში, ასევე სხვაგან.

მოსკოვმა მხოლოდ გუშინ აღიარა წვევამდელების ყოფნა რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფებში, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ. საუბარია ადამიანებზე, რომელთაც კანონი ავალდებულებთ სამხედრო სამსახურს გარკვეული პერიოდით.რუსეთის კანონმდებლობით, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა კაცმა 1-წლიანი სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს.

“სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი უკრაინაში [მიმდინარე] სპეცოპერაციაში მონაწილე ქვედანაყოფებში”, — ციტირებს BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.

უწყების თანახმად, ზოგიერთი მათგანი უკრაინის ძალების ტყვეობაში აღმოჩნდა. სამინისტრო აცხადებს, რომ “პრაქტიკულად ყველა ასეთი ჯარისკაცი გამოყვანილია” და პირობას დებს, რომ სამომავლოდ თავიდან აიცილებს მსგავსი სიტუაციების განმეორებას.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარყო უკრაინაში რუსეთის არმიის წვევამდელების ყოფნა და დასძინა, რომ იქ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იგზავნებიან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მთავარი ფოტო: ტელეგრამ არხი @dvish


უკვე მე-15 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა – მარიუპოლია. 9 მარტს რუსეთმა მარიუპოლში ჭურვი ესროლა ბავშვთა და დედათა საავადმყოფოს. ნანგრევებში მოყვნენ ბავშვებიც.

რუსეთმა მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბა, დაშავდნენ პაციენტები და პერსონალი — უკრაინა

მასალების გადაბეჭდვის წესი