ახალი ამბები

ხშირად იცლიან ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ LIVE-ებისთვის – მდინარაძე უკრაინის მთავრობაზე

9 მარტი, 2022 • 1192
ხშირად იცლიან ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ LIVE-ებისთვის – მდინარაძე უკრაინის მთავრობაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის გასაკრიტიკებლად LIVE ვიდეოების ჩასაწერად იცლიან.

ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 9 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე.წ. ლაივვიდოების ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისი მიზეზების შესახებ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ, მოცემულ სიტუაციაში დეტალებზე აღარ შევჩერდებით და ნამდვილად არ შევალთ დისკუსიაში. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკის აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“.

„მსგავსი პრეცედენტი დღეს არ ფიქსირდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ესა თუ ის ქვეყანა სანქციებს, აგზავნის თუ არა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მოხალისეებს და ა. შ. საინფორმაციო ომში ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება და პარტიული აქტივი მთლიანი რესურსით, რომლებიც თავიანთ მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საინფორმაციო ომში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას, რაც საქართველოს ომში ჩასათრევად პროვოკაციის მომეტებულ რისკს შეიცავს.

„გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ომის შემადგენელ ელემენტებად რამდენიმე მიმართულების კამპანია აქვთ გაშლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ ემოციურ ფონზე ამისი გატანა მარტივად შესაძლებელია და აორგანიზებენ სხვადასხვა აქტივობებს, რომლითაც ისინი დისკრიმინაციის, ჩაგვრის და სხვა სახით ზემოქმედების გამართლებას ცდილობენ. თავის მხრივ, დისკრიმინაციის ეს კამპანია, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურ სიბნელეს და შუასაუკუნეების მიდგომას წარმოადგენს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ასიათასობით მოქალაქეს და შეიცავს პროვოკაციის მომეტებულ რისკს საქართველოს ომში ჩათრევის უკვე კარგად გაშიფრულ ინტერესთან მიმართებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი