ახალი ამბები

„პრობლემა ლოჯისტიკურია“ – ზელენსკი სამხედრო თვითმფრინავებზე

9 მარტი, 2022 • 1838
„პრობლემა ლოჯისტიკურია“ – ზელენსკი სამხედრო თვითმფრინავებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის პოლონეთს გამოთქმული მზაობისთვის, დათმოს საკუთარი სამხედრო თვითმფრინავები.

ზელენსკის თქმით, პრობლემა ახლა ლოჯისტიკურია და საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიჭრას:

„არსებობს ოფიციალური გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავების გადმოცემის საკითხი გადაწყდეს. ვაშინგტონში ამის შესახებ საუბრობენ. როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული?“ – ამბობს ზელენსკი უკრაინული გამოცემა Unian-ის მიხედვით.

პენტაგონი უარს ამბობს პოლონეთის შეთავაზებაზე, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ეხებოდა.

როგორც AP News წერს, ეს არის დისჰარმონიის იშვიათი გამოვლინება ნატოს მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც ეძებენ გზას უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად. პარალელურად კი, რუსეთთან ომში ჩართვის საშიშროების თავიდან არიდებას ცდილობენ.

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, პოლონეთის შეთავაზებამ, განათავსოს 28 სამხედრო თვითმფრინავი გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე, წარმოშვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვის შემაშფოთებელი პერსპექტივა:

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთსა და ნატოს მოკავშირეებთან ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებზე. თუმცა არ ვფიქრობთ, რომ პოლონეთის შემოთავაზება გონივრულია“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეთავაზებაზე დათანხმება მორალურად წაახალისებდა უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ, თუმცა, ამავდროულად, აჩენს რისკებს, რომ ომი უკრაინის მიღმაც გაფართოვდება.

AP News  წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული ვარიანტი განხილული არ ყოფილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოლონეთში ვიზიტისას. თეთრ სახლის წარმომადგენლები, რომლებიც გამოცემას კონფიდენციალურობის გარანტიით ესაუბრნენ, აცხადებენ, რომ ლოჯისტიკური თვალსაზრისით უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა მარტივად მოგვარებადი არ იქნება.

პენტაგონი Mig-ებზე პოლონეთის შეთავაზებას არაგონივრულს უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი