ახალი ამბები

“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე განაჩენით ორივე მხარე უკმაყოფილოა

9 მარტი, 2022 • 1165
“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე განაჩენით ორივე მხარე უკმაყოფილოა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძიუდოისტის ცემის” საქმეზე გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა როგორც პროკურატურა, ისე ბრალდებული. საქმე ეხება მოსამართლის დასაბუთებას. ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, კონფლიქტის მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანება რომ  მიაყენეს ერთმანეთს, ექსპერტიზით დასტურდება, თუმცა იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი, მხარეების მიერ განვითარებული რომელიმე ვერსიის მისამხრობად საჭირო იყო დამატებით მტკიცებულებები. მოსამართლის თქმით, ასეთი დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს რომელიმე მხარის პოზიციის გაზიარების საშაულებას მისცემდა, არ არსებობს, შესაბამისად, საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

„დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ მნიშვნელოვანია მოტივაცია. სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ რომელიმე მხარემ ერთმანეთი გალახა. შესაბამისად, თუ ვერ დაადგინა, კონსტიტუცია მოითხოვს ბრალდბეულის სასარგებლოდ გადაწყვეტას. ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის. მოსამართლემ უბრალოდ თავიდან აიცილა…“, — განაცხადა გიგი უგულავამ.

ის ამბობს, რომ ბადრი გავაშელიშვილი აეროპორტში მისული იყო კონფლიქტის ინიცირების დავალებით და მის დამნაშავედ ცნობამდე სამართალი ვერ შედგება.

„მოსამართლეს შეეძლო კამერების ჩანაწერები ამოეღო და ეს 2-წლიანი გაუთავებელი შოუ და ტაკიმასხარაობა სახელად „საქართველოს მართლმსაჯულება“ არ მოხდებოდა. მკაფიოდ იქნებოდა დადგენილი, რომ დამნაშავე და მოძალადე არის გავაშელიშვილი, რომელიც იქ დავალებით მოვიდა; დამნაშავე არის ის, ვინც მას ეს დავალება მისცა. ამაზე მართლმსაჯულება დუმს — ეს არის ამ ისტორიაში მთავარი პრობლემა და არა ის, სასამართლო ჯარიმას მომისჯიდა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. სამართლებრივი პროცესი რეალობას მოწყვეტილი იყო. რეალობა არის ის, რომ ორი ადამიანი მოვიდა დავალებით იმისთვის, რომ ჩვენზე ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინა, დაიწყო ჩხუბი და, ბუნებრივია, პასუხიც მიიღო. იმას, რომ მე არ მიცემია გავაშელიშვილი, ჩვენი მოქალაქეების 99,9% გეტყვით და ყველასთვის საღლიცინო თემა იყო. მაგრამ ბადრი გავაშელიშვილი აუცილებლად დაისჯება. ამათი წყალობა — ამნისტია არ მივიღე იმიტომ, რომ ეს საქმე, საბოლოო ჯამში, დამთავრდება მაშინ, როდესაც გავაშელიშვილი თქვენ [ჟურნალისტების] წინაშე იტყვის, ვინ დაავალა, ვინ შეუკვეთა და რამდენი გადაუხადეს. ძალიან მალე მოვა ეს დრო“, — განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით  გაასაჩივრებს პროკურატურა. პროკურორ ნათია გურულის თქმით, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიიჩნევს რა, რომ თავად საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი.

„სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან დაპირისპირებული მხარეები საწინააღმდეგო ინფორმაციას იძლეოდნენ, გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, თუმცა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყო დაზარალებულის, მისი თანხმლები პირის, მესაზღვრე ინსპექტორების ჩვენებები, რომლებიც ძალადობის ფრაგმენტებს შეესწრნენ და აღნიშნული მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერების თანხლებით, ადასტურებდა დანაშაულის ჩადენას“, — განაცხადა ნათია გურულმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე გიგი უგულავა გაამართლა. საუბარია 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელზეც უგულავას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე უგულავა უდანაშაულოდ ცნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი