საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება EU-ს მიერ ევროკომისიისთვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციების შეფასების მომზადების დავალებას და აცხადებს, რომ ეს იძლევა რეფორმების დაჩქარების მოტივაციას. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
“მივესალმები საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის აპლიკაციების განხილვასთან დაკავშირებით. ეს ახალი თავი ჩვენს ურთიერთობაში მოტივაციას გვაძლევს, რომ დავაჩქაროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. მადლობელი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის”, – წერს ღარიბაშვილი.
Welcome the Council’s decision to ask the EC to examine the applications for the EU membership submitted by 🇬🇪🇲🇩🇺🇦. This new chapter in our relations motivates us to accelerate our reform agenda. We are grateful for this important decision.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 7, 2022
ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება. ამის შესახებ ინფორმაცია Financial Times-მა გაავრცელა.
პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი თავდაპირველად რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. განაცხადს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.
როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი. თუმცა მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.
იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
