ახალი ამბები

EU-მ ევროკომისიას დაავალა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის აპლიკაციებზე შეფასების მომზადება

7 მარტი, 2022 • 1861
EU-მ ევროკომისიას  დაავალა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის აპლიკაციებზე შეფასების მომზადება

ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ეს არის განაცხადების შემდეგ აპლიკაციების განხილვისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი.

ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ამ ტექნიკურ ნაბიჯს აქვს “სიმბოლური ღირებულება”:

“ვიმედოვნებ, [ეს ნაბიჯი] სთავაზობს გარკვეულ მორალურ მხარდაჭერას რთულ პერიოდში”, – თქვა მან.

პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.


ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი თავდაპირველად რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. განაცხადს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი. თუმცა მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი