ახალი ამბები

“არა რუსეთს!” – თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

7 მარტი, 2022 • 1816
“არა რუსეთს!” – თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაიმართა საპროტესტო აქცია, სახელწოდებით “არა რუსეთს!”. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ უკრაინაში მიმდინრე ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას და მას “სამარცხვინოდ” აფასებენ.

აქციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს:

– დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან
– აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები
– დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ყველა დემოკრატიული ქვეყანა ერთიანია და უკრაინის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას უჭერს მხარს.

“საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლებამ ამ ომში სამხედრო დამნაშავის, პუტინის მხარე აირჩია – ირაკლი ღარიბაშვილმა დემონსტრაციულად თქვა უარი საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაზე; დღემდე ღია რჩება საჰაერო სივრცე რუსული ავიაციისთვის; ირაკლი კობახიძემ წამოაყენა ინიციატივა, რომლითაც საბაბს აძლევს რუსეთს, დაგვადანაშაულოს რუსების წინააღმდდგ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში; მთავრობა ხელს უშლის მოხალისეებსა და სამედიცინო პერსონალს უკრაინაში გამგზავრებას; ამ დრომდე მაწუყებლობენ რუსული პროპაგანდისტული მედიები საქართველოში; რუსეთის მოქალაქეები დღემდე უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ საქართველოში შემოსვლისას.

უკრაინელი ხალხი საქართველოს მთავრობის ქმედებებს უკრაინისთვის ღალატად, ზურგში დანის ჩარტყმად აფასებს. სირცხვილის ჩამორეცხვა, რომელზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველდღიურად ხელს აწერს, მხოლოდ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვიძლია”, – განმარტებულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი