„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები „სისტემურად თავს ესხმიან“ უკრაინელებს.
მელიას თქმით, ასეთ რამეს კადრულობს მხოლოდ ორი სახელმწიფო: რუსეთი და ბელარუსია.
„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ამ ომში თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და რუსეთი გაიმარჯვებს. საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთთან უნდა გამოიყენონ ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს თქვა დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა. ამას ამბობს „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, მაშინ, როდესაც თალიბების ლიდერებმაც კი დაგმეს რუსეთის აგრესია.
აღარ არსებობს აღარანაირი „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაში. არსებობს „русский корабль“ საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არის მწარე სიმართლე, რომელიც უნდა ვთქვათ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. არ არსებობს ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მოსკოვში და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელისუფლებაში და უკავშირდება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებას, რომელიც განხორციელდება“, – განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ სამწუხაროდ“, არსებობს ქართველი ერი, რომელსაც შეუძლია თვითორგანიზება, საკუთარი ღირსებისა და იდენტობის დაცვა.