ახალი ამბები

ევროკავშირი 5 მილიონი ლტოლვილის მისაღებად უნდა მოემზადოს – ბორელი

7 მარტი, 2022 •
ევროკავშირი 5 მილიონი ლტოლვილის მისაღებად უნდა მოემზადოს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ხუთი მილიონი ლტოლვილის მისაღებად უნდა მოემზადოს.

ორშაბათს, 7 მარტს, ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიის 2015-16 წლების კრიზისისას ევროკავშირი 1.5 მილიონ ადამიანზე საუბრობდა, ახლა კი „უფრო უარესადაა საქმე“.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით კი არ უნდა დაეხმაროს, არამედ მისი მეზობელი სახელმწიფოებიც მოამარაგოს რესურსებით, რათა ლტოლვილების მიღება შეძლონ.

წინა დღით, 6 მარტს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიარიატის ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანტიმ განაცხადა, რომ უკრაინიდან უკვე 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია მეზობელი ქვეყნებისთვის თავის შეფარება.

მისი თქმით, ეს არის „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთ კრიზისი“.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით.საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი