საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველი ანდრეი კასიანოვი გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოდან რძის პროდუქტების იმპორტზე სანქციების მოხსნას.

კასიანოვის თქმით, ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსირა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან კონსულტაციებს და მადლობლები ვართ იმ განმარტებების, რომელიც გასცა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მოვუწოდებთ ყველას, ნებისმიერი სპეკულაციისგან თავი შეიკავოს და ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრიანის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად, მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი“, — განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, ახლა უკრაინული დიპლომატიის საკვანძო მიმართულებებია: სანქციები, იარაღი და [რუსეთის] იზოლაცია.

„სანქციების მიმართულებით უკრაინული დიპლომატია ებრძვის აგრესიას თითოეულ დედაქალაქში რუსულ ეკონომიკაზე მაქსიმალური დარტყმების მისაყენებლად. ეს ითვალისწინებს არა მარტო ტერიტორიულ და ფინანსურ იზოლაციას, არამედ ყველა ბიზნესკავშირის გაწყვეტას. ასზე მეტი გიგანტური კომპანია უკვე აღარ აწარმოებს ბიზნესს რუსეთთან. მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული. დახუჭო თვალი რუსეთის ფედერაციის დანაშაულებზე, არის თანამონაწილეობა. არ უნდა გააკეთო ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებს და კლავს ბავშვებს, ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ეკლესიებს, მშვიდობიან მოსახლეობას… სანქციები არის კონკრეტული დარტყმები, რომელსაც რუსეთის თითოეული მოქალაქე იგრძნობს. უნდა გაძლიერდეს სასანქციო ზეწოლა რუსეთზე მისი ფინანსური და ეკონომიკური სისტემის სრულ კოლაფსამდე და დეფოლტამდე“, — განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, პოლონეთი არის უკრაინის ჰუმანტარული დახმარების ჰაბი, რასაც უკრაინა „არასდროს დაივიწყებს“.

„საქართველო, ასევე, გვიდგას გვერდში ამ საკითხში. 6 მარტს მორიგი თვითმფრინავი 40 ტონა ტვირთით გაემგზავრა. ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი დახმარება. უკრაინის საელჩო მადლიერია საქართველოში ყველა უკრაინელის, საქართველოს მოქალაქეების, საქმიანი წრეების, მთავრობის და მართლმადიდებელი ეკლესიის მათი წვლილისა და მხარდაჭერისთვის ასეთ რთულ დროს“, — განაცხადა კასიანოვმა.

უკრაინის ელჩის მრჩეველმა მიმართა საქართველოს მოქალაქეებს:

„თქვენ არაჩვეულებრივები ხართ. აღფრთოვანებული ვართ უკრაინელების მხარდაჭერის დონით, უზომო ჰუმანიტარული დახმარებით, მიტინგებით უკრაინის მხარდასაჭერად, სახსრების შეგროვებით, საქართველოში მყოფი უკრაინელების თქვენს ოჯახებში დაბინავებასთან დაკავშირებული წინაადადებებით, ყვავილებით საელჩოსთან, უკრიანის დროშების გამოფენით. ჩვენ, უკრანელები ვგრძობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და მზად ხართ, ჩვენთან ერთად იბრძოლოთ დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევანისთვის“, — განაცხადა უკრაინის ელჩის მრჩეველმა.

მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.