„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ჩნდება კითხვებიც იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო საქართველოს მთარობის მიმართ კრიტიკული განცხადებების რეალური ინიციატორი — უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ნაციონალური მოძრაობის?“
მისი თქმით, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ფონზე, მით უფრო სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეული უარყოფითი განცხადებები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთდება.
„გუშინ მოვისმინეთ მორიგი ამგვარი განცხადებები უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან, რომლებიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში, რძის პროდუქტების თემას უკავშირდებოდა.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებული ემოციური ფონი, რომლის პირობებშიც უწევთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუშაობა. ასეთ დროს საკითხების უტრირების ალბათობა, ბუნებრივია, იზრდება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ პირველი, ვინც უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა იყო“.
„ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა […]
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი“, – განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი რუსეთის მიერ ქართული რძის მწარმოებელი კომპანიებისთვის საქნციების შემსუბუქებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს, ხომ არ არის ეს პასუხი იმაზე, რომ უკრაინის მიმართ სათანადო მხარდაჭერას არ გამოხატავენ.
სტეფანჩუკმა ამის შესახებ ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის და ეს ის ხალხია, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის.
რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავდა“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთან, „რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“.
სააგენტოს თანახმად, ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით, არაერთ ქვეყანასთან ახორიცელებენ მოლაპარაკებებს ცხოველური პროდუქტების ექსპორტის შესახებ.
რძეზე შეზღუდვების მოხსნა ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?! – სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს