უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინას აწვდიან  იარაღსა და საბრძოლო მასალას და რუსეთს „სიურპრიზი“ ელოდება.

თუმცა რეზნიკოვი თავს იკავებს იმ ქვეყნების დასახელებისგან, რომლებისგანაც უკრაინა შეიარაღებას იღებს.

„მე კომენტარს არ გავაკეთებ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე – ეს დელიკატური საკითხია. მტერს სიურპირიზი ელოდება. იცოდეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო სამ დღეში  უკრაინამ 50 000 ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი მიიღო. მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს გადაეცემათ ნატო-ს ქვეყნების ჯარებისთვის განკუთვნილი ფორმებიც.

დღესვე ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უცხოეთიდან უკრაინაში საბრძოლველად უკვე 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა.

მისივე თქმით, უკვე 20 000-ზე მეტი უცხოელიც არის მზად, ჩავიდეს უკრაინაში და „დაიცვას მსოფლიო უკრაინის ფრონტზე რუსი ნაცისტებისგან, კრემლის ბოროტება რომ არ გავრცელდეს“.