ახალი ამბები

ენმ გომელაურისგან ითხოვს განმარტებას, რას აკეთებს შსს რუსეთიდან დივერსანტების შემოსვლის პრევენციისთვის

7 მარტი, 2022 • 1366
ენმ გომელაურისგან ითხოვს განმარტებას, რას აკეთებს შსს რუსეთიდან დივერსანტების შემოსვლის პრევენციისთვის

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს წერილით მიმართავს და ითხოვს პასუხს, თუ რა სახის ღონისძიებებს ატარებს უწყება იმისთვის, რომ რუსეთიდან მომავალ ადამიანებს ქვეყანაში დივერსანტებიც არ შემოჰყვნენ.

ამის შესახებ დღეს, 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი ხალხი უკრაინაში ერთი წლით ადრე შევიდა და ახლა ამოქმედდნენ, საშიშროება საქართველოსაც ელოდება.

ამიტომ მამულაშვილს მნიშნელოვნად მიაჩნია, სახელმწიფომ გასცეს პასუხი კითხვაზე, რა ღონისძიებებს ატარებს, როგორ აპირებს კონტროლს და საფრთხის პრევენციას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში მასიურად შემოდიან. ამის კონტროლი არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანათა შორის, სავარაუდოდ, შეიძლება დივერსანტებიც იყვნენ, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია გავარკვიოთ, რა ღონისძიებებს ატარებს ან რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რათა მსგავს ადამიანთა შემოსვლა აღკვეთოს.

ასევე, ბატონ გომელაურს ვთხვოვთ მოგვაწოდოს ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობისა და ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის თაობაზე“, — განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მას შემდეგ, რაც  24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, “ტელეგრამზე” გაჩნდა არხები, სადაც რუსეთის მოქალაქები განიხილავენ და ერთმანეთს რჩევებს აძლევენ საქართველოში ჩამოსვლა-ცხოვრებასთან დაკავშირებით. ამ ცნობებს დისკუსია მოჰყვა საქართველოში. შეიქმნა პეტიციაც, რომლითაც მოქალაქეები რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 6 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები იმ რაოდენობით შემოდიან საქართველოში, როგორც პანდემიამდე შემოდიოდნენ.

„რიცხვები დაახლოებით არის 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის ის რაოდენობა, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა“, – თქვა დავითაშვილმა, თუმცა არ დაუზუსტებია, დროის რა შუალედში შემოვიდა ეს რაოდენობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი