ახალი ამბები

ნიკა ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის დირექტორის I მოადგილედ დაინიშნა

7 მარტი, 2022 •
ნიკა ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის დირექტორის I მოადგილედ დაინიშნა

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი.

კულტურის მინისტრის ბრძანება 19 მარტიდან შევა ძალაში. სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, დირექტორატის და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას.

„ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში“, — აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულზე ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:

  1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
  2. სპორტის მუზეუმი;
  3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
  4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს.

ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს და მუზეუმის დირექტორის, ზვიად კვიციანის სახით, სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ახალი, მე-5 წევრი შეემატა.

ამავე თემაზე გირჩევთ

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი