ახალი ამბები

კინოცენტრი სამინისტროს სთხოვს რუსეთიდან ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამის შეჩერებას

7 მარტი, 2022 • 1632
კინოცენტრი სამინისტროს სთხოვს რუსეთიდან ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამის შეჩერებას

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამის შეჩერების მიზნით, კულტურის სამინისტროს მიმართავს.

კინოცენტრის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად იგეგმებოდა 8 ქართული ფილმის ასლების დამზადება და ამ მიზნით თანხის ნაწილი „გოსფილმოფონდს“ უკვე გადაერიცხა, მეორე ნაწილი კი სამინისტროს სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა გადაერიცხა:

„მოგეხსენებათ, რომ ეროვნულ კინოცენტრს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, 2016 წლიდან ჩამოაქვს რუსეთიდან „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების ასლები მათი აციფრვისა და აღდგენის მიზნით.

ამჟამად გაფორმებულია კონტრაქტი „გოსფილმოფონდთან“ 149 660 აშშ დოლარზე. მისი საგანია 8 ქართული ფილმის ასლების დამზადება „გოსფილმოფონდის“ ბაზაზე. ამ თანხიდან 52 522 აშშ დოლარი დეკემბერში გადაირიცხა ავანსად იმ მიზნით, რომ „გოსფილმოფონდს“ შეეძინა „კოდაკის“ ფირი. ფირი ჯერ შეძენილი არ არის და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა „გოსფილმოფონდი“ მის შეძენას რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გამო“ ,- ამბობს გაგა ჩხეიძე.

კინოცენტრში შიშობენ, რომ დარჩენილი 325 272 ლარის რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში გადარიცხვის შემთხვევაში, ეს თანხა მოხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას უდანაშაულო ხალხის და ქალაქების გასანადგურებლად და პროექტის შეჩერების მოთხოვნით კულტურის სამინისტროს მიმართავენ:

„თანხის დარჩენილი ნაწილი – 325 272 ლარი – კულტურის სამინისტრომ უნდა გადარიცხოს სამუშაოების დასრულების შემდეგ. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ძვირფასია ეს პროექტი როგორც კინოცენტრისთვის, ისე პირადად ჩემთვის, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო ამორალურად მიმაჩნია თანხის გადარიცხვა რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. ეს თანხა დიდი ალბათობით მოხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას უდანაშაულო ხალხის და ქალაქების გასანადგურებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული კინოცენტრი აპირებს პროექტის შეჩერებას. ამავე დროს, კულტურის სამინისტროს ვთხოვთ, პროექტისთვის გათვალისწინებული დარჩენილი თანხა – 325 272 ლარი – ჩარიცხოს ეროვნული კინოცენტრის ანგარიშზე, იმისათვის, რომ კინოცენტრმა დააფინანსოს ქართული კინოწარმოება, რომელსაც ჰაერივით სჭირდება თითოეული თეთრი.

თანხა მოხმარდება მიმდინარე პროექტების დასრულებას, ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამა კი აუცილებლად გაგრძელდება ომის დამთავრების შემდეგ. შესაბამისი წერილი გაიგზავნა კულტურის მინისტრის სახელზე. იმედს ვიტოვებ, რომ მინისტრი ჩვენს თხოვნას დააკმაყოფილებს“ – აცხადებს გაგა ჩხეიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი