ახალი ამბები

კულებას თქმით, უკრაინის განაცხადი EU-მ ცალკე უნდა განიხილოს

5 მარტი, 2022 •
კულებას თქმით, უკრაინის განაცხადი EU-მ ცალკე უნდა განიხილოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის განაცხადი დამოუკიდებლად უნდა განიხილოს და არა მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად.

კულებას 5 მარტს „პოლიტიკოს“ ჟურნალისტმა ჰკითხა, დაუჭერდა თუ არა მხარს, რომ ევროკავშირმა კომბინირებულად განიხილოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის აპლიკაციები ამ ქვეყნების ევროკავშირის წევრობასთან/კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა:

„მთელი ჩემი პატივისცემით ევროინტეგრაციის საკითხებში ჩვენი ძველი პარტნიორების, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ, უკრაინის შემთხვევა აბსოლუტურად გამონაკლისია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის [აპლიკაცია] განხილულ იქნას დამოუკიდებლად და განხილულ იქნას რაც შეიძლება მალე“.

დმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ პროცედურების დროის შემოკლება შესაძლებელია და ევროკავშირი ასეც უნდა მოიქცეს, რათა მოხდეს უკრაინის „სწრაფი ინტეგრაცია“ ევროკავშირში, – „ყველას, როგორც უკრიანის, ასევე ევროკავშირის, საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.


ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი თავდაპირველად რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. განაცხადს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი. თუმცა მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.

იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი